„გასული 35 წელიწადი სწორედ ღია კარის მტვრევის, ან ყრუ კედლის თავით გატანის მცდელობა იყო, როცა გვერდით ღია ჭიშკარი ელოდებოდა ჩვენს შიგნით შესვლას. ამ შეცდომებზე უნდა გვესწავლა, რათა უფლის მიმართ სწორი გზავნილები გაჟღერებულიყო: სამშობლო, ოჯახი, რწმენა. დიახ – სწორედ ეს ფასეულობები გვაქვს დასაცავი პოლიტიკურ და საკონსტიტუციო დონეზე”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და იმ მიზნებს ასახელებს, რაც ქვეყანას აქვს მისაღწევი.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, რაზეც ექსპერტი საუბრობს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაზეც ასე ღიად საუბარი დიდი ხანია არ გამართულა და არც მისი გადაჭრის რეალური პერსპექტივა ყოფილა დასახული.
„დამინგრიეთო – არ უთქვამს. ფეხით გამოაღეთ – არც ეგა. დამიკაკუნეთო და გაგეღებათ, ბრძანა უფალმა. დღეს ნახევარი დღე გავატარე ჩემს უსაყვარლეს ანჩისხატში, ვეზიარე, პანაშვიდს დავესწარი, ძველ მრევლს და ტაძრის საყვარელ მღვდელმსახურებს ჩავეხუტე.
ერთ-ერთი მთავარი თემა მაინც პოლიტიკური იყო – რას ვიზამთ შემოდგომაზე. ჩემი პროგნოზი იყო – ვიზამთ, რამეთუ ამჯერად ვაკაკუნებთ, რათა გაგვეღოს. გასული 35 წელიწადი სწორედ ღია კარის მტვრევის, ან ყრუ კედლის თავით გატანის მცდელობა იყო, როცა გვერდით ღია ჭიშკარი ელოდებოდა ჩვენს შიგნით შესვლას. ამ შეცდომებზე უნდა გვესწავლა, რათა უფლის მიმართ სწორი გზავნილები გაჟღერებულიყო: სამშობლო, ოჯახი, რწმენა. დიახ – სწორედ ეს ფასეულობები გვაქვს დასაცავი პოლიტიკურ და საკონსტიტუციო დონეზე.
არა “რკინიგზა” დასაცავი (1992), არა “საკონსტიტუციო წესრიგი” დასამყარებელი (2008), არა ყველა ის “კეთილი განზრახვა” განსახორციელებელი, რომლითაც ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა მოფენილი. პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში გვჭირდება ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდა ავკრძალოთ კონსტიტუციის დონეზე. საბერძნეთს ეგონა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება აარიდებდა მას რწმენის შეურაცხყოფას პოლიტიკურ დონეზე – ვერ აირიდა.
ამიტომ ჩვენ სხვა გზა გვაქვს ასარჩევი. ამისთვის კი, სწორი არჩევანის გაკეთებაა საჭირო. სხვა დანარჩენი დაპირებაც არა ტრაფარეტულ ლოზუნგებზე, არამედ მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად პრაქტიკულად გადასადგმელ ნაბიჯებს ეფუძნება – ამისთვისაც სწორი არჩევანია გასაკეთებელი. და რაც მთავარია – ასე ღიად, თამამად ჯერ არ გაცხადებულა ქვეყნის ტერიტორიის კვლავ ღვთისმშობლის წილხვდომილობის კალთის ქვეშ გაერთიანებისთვის მზადყოფნა და ამისთვის დამაიმედებელი პერსპექტივები.
ყოველივე ამას კი, უფლის კარებში უკვე სწორედ ის სახარებისეული კაკუნი ეწოდება, რომელზეც აუცილებლად გაგვეღება. ჩვენ დიდი ხანია მივესწრაფებოდით ამისკენ, რასაც ჰორიზონტალური პოლიტიკური მზაობისა და ვერტიკალური უზენაესი ნების სინერგია ჰქვია. ეს არის ჩვენი ისტორიული შანსი და თუ შეცდომას არ დავუშვებთ, უფლის შეწევნას ვიხილავთ ოქტომბრის ბოლოს, როგორც წინა წლებში დაშვებულ შეცდომებზე “შენდობის ლოცვის” წაკითხვის ტოლფას ღვთაებრივ საჩუქარს,” – წერს დავით ქართველიშვილი.