რომის პაპმა უკრაინაში რუსული ეკლესიის აკრძალვა გააკრიტიკა

რომის პაპმა ფრანცისკემ დაგმო უკრაინის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყანაში რუსული ეკლესიის საქმიანობა უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ პაპმა მორწმუნეებთან კვირას გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ კვლავ ტკივილით ადევნებს თვალს სამხედრო მოქმედებებს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.

„უკრაინაში ახლახან მიღებულ კანონზე ფიქრისას ვგრძნობ შეშფოთებას მლოცველთა თავისუფლების გამო, რადგან ის, ვინც ჭეშმარიტად ლოცულობს, ყოველთვის ყველასთვის ლოცულობს.

არავინ აკეთებს ბოროტებას იმით, რომ ლოცულობს. თუ ვინმე ჩაიდენს ბოროტებას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ის იქნება ამაში დამნაშავე. მაგრამ არ შეიძლება ჩაითვალოს ბოროტებად ის, რომ ლოცულობდა“, – განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ დასძინა, რომ მათ, „ვისაც ლოცვა სურთ“, უნდა მიეცეთ უფლება, ილოცონ იმ ეკლესიაში, რომელსაც თავიანთ ეკლესიად მიიჩნევენ.

„გთხოვთ, არც ერთი ქრისტიანული ეკლესია არ გაუქმდეს, პირდაპირ თუ ირიბად: ეკლესიებს არ უნდა შეეხოთ“, – აღნიშნა პაპმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს.

ასევე იხილეთ