კირბი: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გრძელდება
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გრძელდება, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
„მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, მიუახლოვდა იმ წერტილს, როცა შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უფრო დაბალი დონის სამუშაო ჯგუფების შექმნა იქნება, რათა მათ ტექნიკურ დეტალებზე იმუშაონ“, – განაცხადა კირბიმ.
მან ასევე დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბრეტ მაკგერკი, რომელიც მოლაპარაკებებში იღებდა მონაწილეობას, მალე კაიროს დატოვებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც სამუშაო ჯგუფებს მოუწევთ, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება იქნება. სავარაუდოდ, მათ ისრაელის მიერ დაკავებულ პალესტინელებზე გაცვლიან.