დავით მათიკაშვილი: ერეკლე მეფის ძეგლის დადგმაზე პრემიერის გადაწყვეტილებას ვინც აკრიტიკებს, ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს

“ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას ვინც აკრიტიკებენ, ისინი ყველაფერს ეროვნულს ებრძვიან”, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ერეკლე მეფე გახლავთ უდიდესი ქართველი მონარქი, მეფე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა და ქართველი ხალხი გადარჩენილიყო, ქვეყანა გამთლიანებულიყო. მას უდიდეს პატივს სცემდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. იმ პირებმა, რომლებიც ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ყველაფერი გააკეთეს, რათა ქვეყანა დაღუპულიყო, საქართველო კოლაფსში შესულიყო, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულიყო და საკუთარი ღალატით საქართველო წაეყვანათ უფსკრულისკენ.

ისინი ებრძვიან ყველაფერს ეროვნულს. ვერ იტანენ ვერაფერს და ვერავის, ვინც ქვეყნის ეროვნული განვითარების, წარსულის, ტრადიციისა და სარწმუნოების დაცვაზე იყო თავგანწირული, სამშობლოს თავი შესწირა. დამერწმუნეთ,  ერეკლე მეფის ნაცვლად, სხვა ნებისმიერი მეფის ძეგლის დადგმაზე რომ ყოფილიყო საუბარი, რეაქცია იგივე იქნებოდა, რადგან საქმე გვაქვს ანტიეროვნულ და ანტიქართულ ძალებთან, რომელთა ადგილი საქართველოს პოლიტიკაში აღარ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება.

ასევე იხილეთ