რატი ბრეგაძე: დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში, სამწუხაროდ, ვრცელდება სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

იუსტიციის სამინისტროს ეზოში, სავარაუდოდ, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

როგორც მინისტრი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მომხდართან დაკავშირებით „მანიპულაციური და სიმართლესთან შეუსაბამო“ ინფორმაციები ვრცელდება.

„დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.

სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

არსებული ცნობით, გარდაცვლილი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. ის სავარაუდოდ, ამავე შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ასევე იხილეთ