დავით მამარდაშვილი: გიორგის არაერთხელ უთქვამს, ჩემი ოცნებაა, პრემიერლიგა ვითამაშოო…

„პირველი ფეხბურთელია, ვინც ამხელა ტურნირზე მიდის და ხელს აწერს” – გიორგი მამარდაშვილის მამა, დავით მამარდაშვილი ფეხბურთელის „ლივერპულში” ოფიციალურად გადასვლის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს:

„გიორგის არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემი ოცნებაა, პრემიერლიგა ვითამაშოო და მიეცა ამის შანსი. მთელი ოჯახი ბედნიერები ვართ, გიორგი სადაც იქნება ბედნიერი, ესაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

პირველი ფეხბურთელია, ვინც ამხელა ტურნირზე მიდის და ხელს აწერს, ლივერპულს კი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოდან და ამის მერე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ბევრი შეემატება”, – აცხადებს დავით მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის” ფეხბურთელია. ინფორმაცია ბრიტანულმა კლუბმა ოფიციალურ საიტზე გაავრცელა.

ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონში იჯარით ამჟამინდელ კლუბში, ესპანურ „ვალენსიაში” დარჩება, ლივერპულს კი მომავალი წლის ზაფხულიდან შეუერთდება. თავად მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში ესპანურ კლუბს მადლობა გადაუხადა. „ვალენსიამ” შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში”, – წერს სპორტსმენი.

ასევე იხილეთ