პაველ დუროვი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოექცა და მას საფრანგეთის დატოვება აეკრძალა

„ტელეგრამის“ აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოექცა და მას საფრანგეთის დატოვება აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

„დუროვი დაექვემდებარა სასამართლო ზედამხედველობას, კერძოდ, ხუთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდის მოთხოვნით. ის ასევე უნდა გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ და მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება“, – განაცხადეს პარიზის პროკურატურაში.

მილიარდერი დუროვი საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. საფრანგეთის ხელისუფლებას სურს გაარკვიოს დუროვის ურთიერთობა კრემლთან. გამოძიება ასევე ფოკუსირებულია „ტელეგრამზე“ მოდერატორების ნაკლებობაზე, რაც, კრიმინალურ აქტივობებს უხსნიდა გზას. დუროვი შესაძლოა ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და თაღლითობის ხელშეწყობაში დაადანაშაულონ.

პაველ დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. საფრანგეთის მოქალაქეობა მან 2021 წელს მიიღო.

ასევე იხილეთ