კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა არაბ ამომრჩევლებთან სამუშაოდ ეგვიპტელი ამერიკელი იურისტი დაიქირავა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა არაბ ამომრჩევლებთან სამუშაოდ წარმოშობით ეგვიპტელი ამერიკელი იურისტი დაიქირავა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, დაქირავებული ადამიანი ბრენდა აბდელალია. ის აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. მან უნდა იმუშაოს არაბი წარმომავლობის ამერიკელ ამომრჩევლებთან, რომლებიც რიგ შტატებში დიდი გავლენით სარგებლობენ, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს 5 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
აბდელალის მთავარ ამოცანას ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული ომით იმედგაცრუებული ადამიანების ჰარისის მხარეს გადმობირება წარმოადგენს.
როგორც Reuters აღნიშნავს, ცოტა ხნის წინ ჰარისმა ავღანური წარმომავლობის ამერიკელი იურისტი ნასრინა ბარგზი დაიქირავა. მან ამერიკელ მუსლიმებთან უნდა იმუშაოს.