ბექა ოდიშარია: საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი, გარდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, შეთანხმდა, რომ აქ არანაირ ფესტივალს და მითუმეტეს დემოკრატიისას, ადგილი არ აქვს
“ეს არის დანაშაული მოიზიდო ფული ერთი მიზნით, თითქოს ის არის მიმართული რაღაც ინსტიტუციების გაძლიერებისაკენ საქართველოში და სინამდვილეში ღალატობ შენს ქვეყანას, ამ ფულს ხარჯავ პოლიტიკაში, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს”, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით.
„საზოგადოება და პოლიტიკური ისტებლიშმენტი, გარდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, შეთანხმდა, რომ აქ არანაირ ფესტივალს და მითუმეტეს დემოკრატიისას, ადგილი არ აქვს. აქ აქვს ადგილი ცდას გარკვეულწილად გაფეტიშებისას იმ დამნაშავე ძალების, იმ ორბიტის, რომელიც მოქმედებს მიზანმიმართულად ქართველი ხალხის, სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ემსახურება აბსოლუტურად სხვა ქვეყნების და ძალების ინტერესებს და ატარებს მათ ინტერესებს საქართველოში. სამწუხაროა, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რომ ეს ინტერესები აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებთან. ეს არის დანაშაული არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, მოიზიდო ფული ერთი მიზნით, შინაარსით, ფურცელზე გეწეროს გარკვეული პროექტი, რომ თითქოს ის არის მიმართული რაღაც ინსტიტუციების გაძლიერებისაკენ საქართველოში და სინამდვილეში ღალატობ შენს ქვეყანას, ხალხსაც, სახელმწიფოსაც და ამ ფულს ხარჯავ პოლიტიკაში, რომელიც არ ემსახურება ქართველ ხალხს არც ერთი გროშით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.