„საქსტატი“: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა – განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელს 6.2%-ით გადააჭარბა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.3 ათასი ერთეული შეადგინა.

სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722.9 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.2% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 16.0% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 264.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6%-ით და 155.5 ლარს გაუტოლდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ