მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება
წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 ათასი ტონა იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას.
ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21 768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.