The Wall Street Journal: ამერიკულმა F-16-მა უკრაინაში კატასტროფა განიცადა
უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი ჩამოვარდა. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, F-16-მა კატასტროფა 26 აგვისტოს, რუსეთის მასირებული შეტევის დროს განიცადა, თუმცა, როგორც წყარო ამბობს, პირველად ცნობებით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი არა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი, არამედ პილოტის სავარაუდო შეცდომა იყო.
პენტაგონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარი უკრაინული მხარისგან მოეთხოვათ.
როგორც გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, უკრაინაში სულ ექვსი F-16-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელია ჩასული. საჰაერო ძალებს ექვსი პილოტი ჰყავს, რომლებსაც აღნიშნული სამხედრო თვითმფრინავის სამართავად სპეციალურად წვრთნიდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას რომელიმე პილოტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, 28 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული F-16-ის გამოყენებით ქვეყანამ პირველ საჰაერო გამარჯვებებს მიაღწია. მან სწორედ ორშაბათს განხორციელებული თავდასხმა ახსენა, რა დროსაც, ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა რუსული საკრუიზო რაკეტები ჩამოაგდეს.