„ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს.
„შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია.
სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც ძალიან მძიმეა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება. თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.