გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ უფრო მეტად ვიცავთ რუსეთის ცას, დასავლეთი რუსულ თვითმფრინავებს უკეთ იცავს, ვიდრე უკრაინულს – საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, თავად ხომ არ ვართ ამ პრობლემის ნაწილი?

„მიუხედავად იმისა, რომ ეს როგორც ხუმრობა, ისე ჟღერს, ჩვენ უფრო მეტად ვიცავთ რუსეთის ცას”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, დასავლეთი უკეთ იცავს რუსულ თვითმფრინავებს, ვიდრე უკრაინულს, ასევე პრობლემებია უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო აღჭურვილობის გადაცემასთან დაკავშირებით.

„იცით, რომ რუსულ თვითმფრინავებს დასავლეთის გარანტორები უკეთ იცავენ, ვიდრე უკრაინულს. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: ჩვენ თვითონ ხომ არ ვართ ამ პრობლემის ნაწილი?

უკრაინისთვის ვაშინგტონში დაპირებული პატრიოტის ბატარეები ამ დრომდე არ მიუწოდებიათ. ივნისის შემდეგ სამხედრო აღჭურვილობის ახალი პაკეტი არ გადაუცემიათ. აღმოსავლეთი ფლანგი შეშფოთებულია, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, თუ უკრაინელები არ მიიღებენ დახმარებას, რომელსაც დაჰპირდნენ, ეს არის ღია კარი პუტინისთვის, რომ განაგრძოს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მისივე თქმით, როდესაც კონკრეტული ქვეყანა აღჭურვილობის შესახებ დაპირებას იძლევა და აღმოჩნდება, რომ გამოუსადეგარია და შეკეთებას საჭიროებს, ამას დიდი დრო სჭირდება, ამის საპირისპიროდ კი, პუტინს სანდო მეგობრები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ განაგრძონ იმ მასალის მიწოდება, რასაც რუსეთს დაჰპირდნენ.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან კონკრეტული კითხვების დასმა, როდესაც დაპირებები გაიცემა, რადგან გამოდის, რომ როდესაც იცი, რომ X ქვეყანა გპირდება Y აღჭურვილობას, აღმოჩნდება, რომ Y აღჭურვილობა უვარგისია, გამოუსადეგარია, მას შეკეთება სჭირდება. მის მიწოდებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, უკრაინელ მეგობრებთან ჩვენი დისკუსიის დროს, აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გათვლები და დაპირებები, განცხადებები და სათაურები იყო 2023 წელს.

მოგეხსენებათ, პუტინს სანდო მეგობრები ჰყავს. იცით, ჩრდილოეთ კორეელებს, ირანელებს შეუძლიათ კვლავ განაგრძონ იმის მიწოდება, რაც [რუსეთს] დაჰპირდნენ. ასე რომ, ეს არის განსხვავება. ჩვენ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვქმნით ნარატივებს, კარგ ისტორიებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. იცით, რომ ჩვენ სიკეთისთვის მებრძოლები ვართ, მაგრამ რაც შეეხება მიწოდებას [საბრძოლო მასალის] , ეს ამბავი ზოგჯერ ძალიან განსხვავებულია. მაგრამ არის კიდევ ერთი გზავნილი: რომ საერთო ჯამში, ევროპა მზად არის წაგებისთვის. და მე ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ არ მიაწოდონ უკრაინას რასაც დაჰპირდნენ, ემზადებიან ომის შემდეგი ეტაპისთვის, რადგან ეს აუცილებლად მოხდება. სხვა გზა ამ შემთხვევაში არ არის“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე იხილეთ