რუსეთის თავდაცვის უწყება: საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 158 დრონი ჩამოაგდო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 158 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათგან 2 – დედაქალაქ მოსკოვის, ხოლო 7 – მოსკოვის ოლქის თავზე.
გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, 46 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 34 – ბრიანსკის ოლქში, 28 ვორონეჟის ოლქში, 14 ბელგოროდის ოლქში და 8 – რიაზანის ოლქში.
აღსანიშნავია, რომ წუხელ მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტმა თვითმფრინავების გაშვებასა და მიღებაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.
ამასთან, მოსკოვის ოლქის სამხრეთით მდებარე კაშირის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელმა მიხაილ შუვალოვმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ 1-ელი სექტემბრის ღამეს კაშირის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამი დრონით თავდასხმა განხორციელდა.
„მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა, აბონენტებს ელექტროენერგია რეგულარულად მიეწოდება“, – დაწერა შუვალოვმა.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში მდებარე კონაკოვსკაიას სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.