ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვის შესახებ: მარინა ბერიძის პოზიცია არ ემთხვევა ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას – საკითხები, რაზეც საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინსტიტუტის პოზიცია არ შეესაბამება ბერიძის პოზიციას.

როგორც მაჭავარიანი განმარტავს, ის საკითხები, რაზეც მარინა ბერიძე საუბრობდა, უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ენათმეცნიერული, ვინაიდან ის, თუ როგორ აღიქვამს გარკვეულ შესიტყვებას ადამიანი, არის მისი განწყობის საქმე. მან ასევე განაცხადა, რომ არასწორად იყო შერჩეული პროფესიაც და პიროვნებაც.

„მისი პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას, ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ რომ, როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რის თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს. ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც ცდილობდა, რომ თავი გაერთმია, ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც”, – აღნიშნა ნანა მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე, მოსარჩელე მხარემ, ენათმეცნიერი მარინა ბერიძე იმ მიზნით მიიყვანა, რომ “გამჭვირვალობის კანონში” გამოყენებული სიტყვების ნეგატიური კონოტაცია დაედასტურებინა, ხოლო პარლამენტის წარმომადგენლებმა ბერიძე სიცრუეში ამხილეს.

ასევე იხილეთ