რატი იონათამიშვილი გიგა ოჩხიკიძისათვის ოქროს მედლის ჩამორთმევაზე: ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარაათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ

გიგა ოჩხიკიძისათვის ოქროს მედლის ჩამორთმევას სოციალურ ქსელში ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩუვრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს.

5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან.

დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარაათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ!

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს“, – წერს იგი.

პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს. მან ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, თუმცა მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია. მის ნაცვლად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადაეცა.

ასევე იხილეთ