ირაკლი ქარსელაძე: გომისმთამდე მისასვლელი 21კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
„33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი. დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. ამდენად, შეიძლება ითქვას რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“, – აღნიშნა მინისტრმა რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ.
რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.