რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი ენჯეოშნიკთა ცხოვრებიდან
თითქმის 25 წელი ვითხოვდი კანონს გამჭვირვალობის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არინ ის ადამიანები, საკუთარ თავს „მესამე სექტორს“ და „სამოქალაქო საზოგადოებას“ რომ უწოდებენ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას წარმოადგენენ ის ორგანიზაციები, კანონის წინაშე თანასწორობას რომ ქადაგებენ, საკუთარ თავს კი, ხელშეუხებლად მიიჩნევენ; ადამიანებში სამოქალაქო განათლების გავრცელებაზე რომ აქვთ პრეტენზია, თავად კი, მიუხედავად შემაშფოთებელი გაუნათლებლობისა, ადამიანებს აღმაშფოთებელი ქედმაღლურად უყურებენ; ბუნებას რომ იცავენ და ცხოვრებაში ერთი ხე რომ არ დაურგავთ; ადამიანებს რომ იცავენ და ადამიანი რომ არ უყვართ; ევროპა რომ უნდათ, მაგრამ ჭირის დღესავით სძულთ და აშინებთ ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები.
უხეო ტყეების გენერლები
ამ 13-14 წლის წინ ერთ-ერთი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ღონისძიებაზე მოვხვდი. პროექტი სრულდებოდა და დასრულებას ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ. პროექტს ერქვა გადავარჩინოთ ესა და ეს პარკიო. პარკის გადასარჩენად მართლაც გრანდიოზული სამუშაო ჩაატარეს – შექმნეს შესაბამისი ლოგო, დაამზადეს სამკერდე ნიშნები, დაწერეს და გამოაქვეყნეს რამდენიმე საგაზეთო სტატია, გადაიღეს ერთი ვიდეო-რგოლი, რომელშიც რამდენიმე ცნობილი და უცნობი სახე თუთიყუშებივით იმეორებდა ორ სიტყვას – „გადავარჩინოთ პარკი“, ჩაატარეს მრგვალი მაგიდა, რომელზეც ისაუბრეს, თუ როგორი საშვილიშვილო საქმეა ამ პარკის გადარჩენა და რამხელა საშვილიშვილო საქმეს აკეთებს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ ენჯეო და, ბოლოს, როგორც გითხარით, ზარ-ზეიმით აღნიშნეს პროექტის დასრულება.
ზარ-ზეიმში იგულისხმება გადასარჩენ პარკში გაშლილი სუფრა, რამდენიმე ბოთლი ხილის წვენი და მინერალური წყალი, ბუტერბროდები, სენდვიჩები და ორიოდე ნაჭერი ხაჭაპური.
ხაჭაპურის რა მოგახსენოთ, გრანტი კი ნამდვილად მსუყე იყო. მიუხედავად ამისა, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ენჯეოს წევრებს და მოწვეულ ექსპერტებს არ დაურგავთ არც ერთი ხე და არც ერთი ბუჩქი და არც პარკის ტერიტორია დაუსუფთავებიათ. უფრო მეტიც – ღონისძიების დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა წავიდ-წამოვიდა, ადგილზე დარჩა რამდენიმე ათეული პოლიეთილენის ბოთლი, ჭიქები, თეფშები, სიგარეტის ნამწვები, ხელსახოცები, სიგარეტის ცარიელი კოლოფები და ა.შ.
დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს კი, ალბათ, უთხრეს, ეს მრავალწლიანი ნარგავები, რომლებსაც აქ ხედავთ, ჩვენი ორგანიზაციის წევრებმა ამ პროექტის ფარგლებში დავრგეთ და რუდუნებით ვუვლითო.
განვიხილავთ არარსებულს
ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ რომელიღაც დონორმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, გამარჯვებულს წინასაარჩევნო მედია-გარემო უნდა შეესწავლა და დასკვნა დაეწერა. მარტი ან აპრილი იქნებოდა. ენჯეოებმა დაწერეს პროექტები და წარუდგინეს შესაბამის კომისიას. ერთ-ერთმა მათგანმა გაიმარჯვა და შეუდგა საქმეს – ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში უცქერდნენ ტელევიზორს, უსმენდნენ რადიოს, კითხულობდნენ გაზეთებს და „სქროლავდნენ“ ვებ-გვერდებს.
არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა. მონიტორინგის შედეგები მალევე გამოქვეყნდა. ყველაფერი სტანდარტულად იყო: ამა და ამ ტელევიზიამ მოამზადა ამდენი და ამდენი სიუჟეტი, მათ შორის ამდენი მიკერძოებული და ამდენი ნეიტრალური; ამა და ამ რადიომ გააკეთა ამდენი და ამდენი გადაცემა, მათ შორის ამდენი და ამდენი მიკერძოებული და ამდენი და ამდენი ნეიტრალური. ასევე იყო ბეჭდური და ინტერნეტ მედიების შემთხვევაშიც – დათვალეს ეს და დათვალეს ის.
სხვა საქმეა, რამდენად ობიექტური, პროფესიონალური და დამაჯერებელი გახლდათ ენჯეოშიკების შეფასება, ერთს კი ვიტყვი და თავად განსაჯეთ: საბოლოო ანგარიშში მოყვანილი იყო ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის (ვუწოდოთ პირობითად „ცნობის ფურცელი“) წინასაარჩევნო კონტენტის ანალიზი, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისისთვის ეს ინტერნეტ-გამოცემა… უკვე აღარ არსებობდა, ივნისში დაიხურა. არადა, ანგარიშში ეწერა, „ცნობის ფურცელმა“ ივლის-აგვისტო-სექტემბერში ამდენი სტატია გამოაქვეყნდა, რომელთაგან ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის კრიტერიუმებს ამდენი აკმაყოფილებდა, ხოლო დანარჩენები კონკრეტული პარტიისადმი სიმპათიებით იყო გამსჭვალულიო.
გაიგე ახლა, მართლა უცქერდნენ ტელევიზორს, მართლა უსმენდნენ რადიოს, მართლა კითხულობდნენ გაზეთებს და მართლა „სქროლავდნენ“ ინტერნეტ-გამოცემებს თუ მთელი ეს კონტენტ-ანალიზი და დასკვნა-ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაიწერა, სანამ ბედკრული „ცნობის ფურცელი“ შეწყვეტდა არსებობას!
ბოდიშის შემქმნელებისგან
2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, რომლის მფლობელიც (ენჯეოებს არ ხელმძღვანელობენ, ენჯეოებს ფლობენ) გახლავთ ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დაუფინანსეს პროექტი სახელწოდებით „კამპანია ბოდიში“. პროექტის მიხედვით, ცნობილ, მეტ-ნაკლებად ცნობილ და არც ისე ცნობილ ქართველებს 1992-93 წლების ომისთვის აფხაზებისთვის უნდა მოეხადათ ბოდიში, ყოველ მათგანს უნდა დაეწერა საკუთარი, ორიგინალური ტექსტი, რომელთა მედიაში გამოქვეყნებას უზრუნველყოფდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ცხადია, ხარჯებს საკუთარ თავზე უჩა ნანუაშვილის კანტორა იღებდა.
თუ ყველა ქართველი მოვიხდით ბოდიშს, მოხდება საყოველთაო შერიგება და ავტომატურად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო, – მითხრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც „პრესა.გე“-ში ბოდიშების გამოქვეყნებით გახლდათ დაინტერესებული.
ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს და არც ის ვიცი, სად გამოქვეყნდა მათი ბოდიშები. შესაძლოა, არც არავინ და შესაძლოა, არც არსად, მაგრამ თავად იდეა ასეთი პროექტისა შესაბამისად ახასიათებს მის დამფინანსებლებს და განმახორციელებლებს.
ფული, წყალი და ბიბლიოთეკა
2019 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელს ახალი პროგრამული პრიორიტეტები უნდა შეემუშავებინა, რომლითაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იხელმძღვანელებდა. სამეურვეო საბჭოს წევრები რეგიონებში ვხვდებოდით საზოგადოების წარმომადგენლებს. მართლაც ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ჩატარდა. ხაზი მინდა გავუსვა ენჯეოს სახელწოდებას – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. ანუ, ორგანიზაციის შემქმნელი გულანთებული ახალგაზრდები იმდენად მოწადინებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართვით, რომ ამისთვის ცენტრი შექმნეს, ოფისი აიღეს, დაუღალავად იღვწიან, თავს არ ზოგავენ, დღისით არ ისვენებენ, ღამით არ ძინავთ, სისხლისა და ოფლის უკანასკნელ წვეთებს დემოკრატიულ ჩართულობას უძღვნიან უანგაროდ.
აი, ეს მაგათი უანგარობა მომკლავს, თუ მომკლავს!
იმ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის“ უანგარო და გულანთებულმა ცენტრმა თავისი ოფისის ერთი ოთახი (ჰოლი, რომელშიც პირდაპირ ქუჩიდან შედიხარ) საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე საათით დაახლოებით 300 ლარად მიაქირავა, თბილისიდან ჩასულ სამ სტუმარს კი მაგიდაზე სამი ბოთლი წყალი არ დაგვიდგა…
ერთი დეტალიც: ჰოლში წიგნების კარადა იდგა, 30-იოდე წიგნით, მთ შორის სამი ცალი – მიხეილ სააკაშვილის „გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ და ოთხი – ბაჩო ახალაიას „სოხუმი – ჩემი იერუსალიმი“.
ესეც მათი უანგარობა, დემოკრატიული ჩართულობა, ტაქტი და მიუკერძოებლობა.
ქარტია ჩვენი მესაჭეა
2009 წლის სექტემბერი იდგა, როდესაც სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ საქართველოში იქმნება „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. მაშინ საქართველოში პირველი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „პრესა.გე“-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გახლდით. გამოვკითხე ჩემი თანამშრომლები და – პირველად გვესმისო. დავრეკე „რეზონანსში“, დავრეკე „ვერსიაში“, დავურეკე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, ისეთებს, ჭკუა და ჟურნალისტური ეთიკა რომ მოეკითხებათ. არავინ არაფერი იცოდა, გაუკვირდათ – აზრზე არ ვართო.
ნელ-ნელა გაირკვა ყველაფერი: „ჟურნალიტური ეთიკის ქარტია“ აღმოჩნდა არა უბრალოდ დოკუმენტი, არამედ ერთი არცთუ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოროსის ფონდის დაფინანსებით იქმნებოდა. თავად ქარტიის ტექსტი უკვე დაწერილი გახლდათ, თუმცა, როგორც ავღნიშნე, მის შესახებ არც მე და არც ბევრ სხვა ჟურნალისტს არაფერი სმენოდა. ამის გამო ჩემი რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი, დავწერე სტატია, სადაც ჩემი და ჩემი „ჭურში მსხდომი“ კოლეგების აზრი გამოვხატე.
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ლელა კურდღელაშვილმა „ქარტიაზე“ სასაუბროდ „რადიოქალაქის“ პირდაპირ ეთერში მიგვიწვია „ქარტიის“ დედა, ია ანთაძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი და იქ გაირკვა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შედგება 10 პუნქტისგან და მის დაწერაზე და შემდეგ ხელმომწერთა შეგროვებაზე დაიხარჯა (ვერ გამოიცნობთ!) დაახლოებით 50 ათასი ევრო (უფრო ზუსტად, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 47 ათასი ევრო).
მაშინ ვუთხარი ქ-ნ ანთაძეს, ქარტიას სწორედ იმიტომ არ მოვაწერ ხელს, მის შექმნაზე ამხელა თანხა რომ დაიხარჯა-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ამ 10 პუნქტის ჩამოწერა სულ რაღაც 10 ლარად შემეძლო. გაუკვირდა, ეგ როგორო?! „მე და კიდევ ორი-სამი წესიერი ჟურნალისტი ავიღებდით ორ-სამ ბოთლ ლუდს, ჩამოვსხდებოდით ვერის პარკში ბორდიურზე და ორ-სამ საათში ქარტია მზად იქნებოდა, ის კი, როგორც თქვენ იქცევით, მაფიქრებინებს, რომ ფულის საჭრელ მორიგ დაზგას ქმნით, სადაც არც ჟურნალისტიკაა და არც ეთიკა, ვიღაც ფულს ხარჯავს, მუსიკას უკვეთავს და მათ დაკრულზე ვინც იცეკვებს ამასაც კარგად ვხვდები-მეთქი“, – ვუთხარი ანთაძეს.
ქარტიას ხელი 4 დეკემბერს მოეწერა, ხელმომწერთა რაოდენობამ 100-ზე ოდნავ მეტი შეადგინა (ცნობისთვის, 100-ზე მეტი ჟურნალისტი „კვირის პალიტრის“ ჰოლდინგში მუშაობს) და მათ დიდ უმრავლესობას რეგიონალური მედიის წარმომადგენლები შეადგენდნენ. საღამოს ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვისხედით აქეთ – მე და იქით – ქარტიის ხელმოწერის აღსანიშნავი საზეიმო ბანკეტიდან პირდაპირ გადაცემაში მოსული ათზე მეტი ხელმომწერი.
ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალები სულაც არ იყო არათანაბარი, უმალ პირიქით, რადგან მე ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, მათი გულწრფელობა კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეში იდგა. ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც სამი ოპონენტი სახლებში მანქანით ჩამოვარიგე და გზაში თითოეულმა მათგანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია როგორც ქარტიის შემქმნელები, ასევე დონორი. სხვა გზა არ გვქონდა, უნდა მოგვეწერა ხელიო. და თუ რატომ იყვნენ იძულებულები, ამაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ: არ მოაწერდნენ ხელს და გრანტებს ისევე ვერ იხილავდნენ, როგორც საკუთარ ყურებს. რეგიონული მედია გრანტების გარეშე, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ არის განწირული.
თითქმის ერთმა წელმა განვლო „ქარტიის“ ხელმოწერიდან, სანამ „ქარტიის“ საბჭო პირველად შეიკრიბა. რატომ არ იკრიბებითო, – რომ კითხეს, სახეზე სამყაროს სევდა გამოესახათ – საბჭოს რეგიონალ წევრებს ფული არ აქვთ, თბილისში ხომ უნდა ჩამოვიდნენ და ღამე ხომ უნდა გაათიონო? სადმე ხომ უნდა შეიკრიბონო? ტელეფონები ხომ უნდათო? კვებაც ხომ საჭიროაო? კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სტეპლერი და ბაინდერი ხომ სჭირდებათო? და ა.შ.
ყოველივე ამისთვის ახალი გრანტი გამოიყო, როგორც იქნა, შეიკრიბა საბჭო, მაგრამ რაღაცაზე, ვიღაცის უმსგავსობაზე ხომ უნდა ემსჯელათ და ხომ უნდა დაესაჯათ? აქ სერიოზულ პრობლემას გადააწყდნენ – საკუთარი ხელმომწერები უნდა განესაჯათ და დაესაჯათ, საკუთარი შვილებისთვის უნდა მოეჭრათ თავები და კუდები, ეს კი სერიოზულ სკანდალს გამოიწვევდა. ამიტომ ვიღაცამ იდეა წამოაყენა – ქარტიის არახელმომწერები განვსაჯოთ და დავსაჯოთო.
რა შევუთვალე და როგორი სიტყვები გამოვიყენე, ამას ვერ გეტყვით, უზრდელობაა.
დაბოლოს
თუ არ ვცდები, 2014 წელი იყო, როდესაც ნაცების ლოყებღაჟღაჟა ომბუდსმენს, გიორგი ტუღუშს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და დღის წესრიგში ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი დადგა. მსურველი იყო რამდენიმე, მათ შორის ერთი იურისტი, ენჯეოშნიკი ქალბატონი. ამ ქალბატონის მხარდამჭერ მოჟურნალისტო-მოენჯეოშნიკო ქალბატონს პირდაპირ ეთერში შეახსენეს – თქვენს პროტეჟეს მეზობელმა კონსულტაციისთვის რომ მიმართა (დრო, ადგილი, სახელი და გვარი დაუკონკრეტეს), უარით რატომ გაისტუმრაო.
პასუხმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანის სიმდაბლესა და სიბრიყვეს მართლაც არ ქონია საზღვარი – კონსულტაციაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დროს ასეთ პროექტს არ ახორციელებდაო.
მართლაც, ხომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელთა დეკლარირებული მიზანი ადამიანებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვაა. წარმოიდგინეთ: მიდის უფლებადამცველი ენჯეოშნიკი ქუჩაში და ხედავს, რომ გამვლელმა რაღაცას ფეხი წამოჰკრა და წამოდგომას ვერ ახერხებს. როგორ იქცევა ჰუმანისტი ენჯეოშნიკი? წერს პროექტს გრანტის მოსაპოვებლად. პროექტის სახელწოდებაა „ხელი გავუწოდოთ კონკრეტულ ადამიანს“. პროექტს ახლავს ბიუჯეტი, რადგან ამ ადამიანის დასახმარებლად (აი, მის თვალწინ რომ წაიქცა), საჭიროა ოფისი, ტექნიკა, ხელფასი, ვიდეორგოლი, პუბლიკაციები მედიასა და სოციალურ ქსელებში, უნდა დაფინანსდეს კომუნალური ხარჯები, კომუნიკაცია, გადაადგილება, მივლინება და, რა თქმა უნდა, აუცილებელია უცხოელი ექსპერტი, რომლის ჩამოყვანაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მოკლედ, პროექტი მზად არის. თუ არ დაუფინანსებენ, რატომ უნდა დაეხმაროს და თუ დაუფინანსებენ, წაიყვანს ოპერატორს, წამოაყენებს წაქცეულს, გადაღებულ კადრებს გაავრცელებს და ეს „ქეისი“ ამერიკის სენატის შემაჯამებელ ანგარიშშიც მოხვდება. ისე, თუ იმ საწყალს ამასობაში ვინმე დაეხმარება და პროექტის დასკვნითი ფაზის საჭიროება მოიხსნება, მართალია, სენატის ანგარიში აღნიშნულ პროექტს გვერდს აუვლის, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩამოვა რომელიმე სენატორი და დაგვამადლის, ეს რა მაგარი პროექტი დაგიფინანსეთო.
მართლა სულელები ვგონივართ თუ უბრალოდ ჩვენი სულელებად წარმოჩენა აწყობთ, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ 2000-იანების დასაწყისში ერთი ევროპული ფონდის მიერ დაფინანსებული ბროშურა ჩამივარდა ხელში. ქართველებს გვასწავლიდნენ ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, დანა-ჩანგლის ხმარებას, გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები უნდა დაიბანო, ჭამის შემდეგ ტუჩები უნდა მოიწმინდო, არ დააბოყინო, არ დაამთქნარო, წვინტლები არ ჩამოუშვა…
რა ვიცი… ალბათ, დებილები ვგონივართ და იმიტომაც იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ მკვლელები, ქურდები, მოძალადეები, ფლიდები, უვიცები, უსაქმურები… ერთი სიტყვით, ნაციონალები და მათთან გათანაბრებულები – ენჯეოშნიკები, რომლებიც მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან ისინი გამჭვირვალობას.
აბა, პარალელური დათვლის შედეგები მე გავაყალბე?!
P.S. არ იფიქროთ, რომ ე.წ. მესამე სექტორი მხოლოდ პოლიტიკით არის დაკავებული და ენჯეოშნიკური საქმიანობისგან თავი შორს უჭირავს. წარმოგიდგენთ მათ მიერ შედგენილი „პოლიტკორექტული ტერმინოლოგიის“ რამდენიმე ტერმინს: საზოგადოებიდან სეგრეგირებული (პატიმარი), ხარ-ძროხამართვის ოპერატორი (კოვბოი), მოქნილი განსახლების სუბიექტი (მაწანწალა), ჰორიზონტალურად ადვილად მისაწვდომი (მსუბუქი ყოფაქცევის ქალი), მელანინით ბოლომდე დაუკომპლექტებელი (თეთრი რასის ადამიანი).
P.P.S. თუმცა, დღემდე კათეტი კათეტერში ერევათ, ხოლო არტერიაში – არტილერია.