გიორგი იაკობაშვილი: „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, რომლის მფლობელიც უჩა ნანუაშვილია, დაუფინანსეს პროექტი სახელწოდებით „კამპანია ბოდიში“ – ვერ გეტყვით, ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს

„2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“, რომლის მფლობელიც (ენჯეოებს არ ხელმძღვანელობენ, ენჯეოებს ფლობენ) გახლავთ ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დაუფინანსეს პროექტი სახელწოდებით „კამპანია ბოდიში“. პროექტის მიხედვით, ცნობილ, მეტ-ნაკლებად ცნობილ და არც ისე ცნობილ ქართველებს 1992-93 წლების ომისთვის აფხაზებისთვის უნდა მოეხადათ ბოდიში, ყოველ მათგანს უნდა დაეწერა საკუთარი, ორიგინალური ტექსტი, რომელთა მედიაში გამოქვეყნებას უზრუნველყოფდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ცხადია, ხარჯებს საკუთარ თავზე უჩა ნანუაშვილის კანტორა იღებდა“, – ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო  For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც  მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

ვრცელი სტატიის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით „ბოდიშის შემქმნელებისგან“ იაკობაშვილი წერს, რომ  ვინ და როგორ მოუხადა  ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს ამ დრომდე არ იცის, თუმცა მსგავსი პროექტის იდეა კარგად ახასიათებს, როგორც პროექტის დამფინანსებლებს, ისე განმახორციელებლებს.

„თუ ყველა ქართველი მოვიხდით ბოდიშს, მოხდება საყოველთაო შერიგება და ავტომატურად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაო, – მითხრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც „პრესა.გე“-ში ბოდიშების გამოქვეყნებით გახლდათ დაინტერესებული.

ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ და როგორ მოუხადა ბოდიში სეპარატისტებს, კავკასიის ხალხთა კონფედერაციას და ბაგრამიანის ბატალიონს და არც ის ვიცი, სად გამოქვეყნდა მათი ბოდიშები. შესაძლოა, არც არავინ და შესაძლოა, არც არსად, მაგრამ თავად იდეა ასეთი პროექტისა შესაბამისად ახასიათებს  მის დამფინანსებლებს და განმახორციელებლებს“, – წერს იაკობაშვილი.

ასევე იხილეთ