არჩილ თალაკვაძე: გულწრფელი შეთავაზება გვქონდა ეკლესიასთან, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს უფრო მყარი გარანტიები ეკლესიის დაცვისთვის
„ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს კიდევ უფრო მყარი გარანტიები ეკლესიის დაცვისთვის, პოზიტიური დისკუსია წარიმართა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, უკვე წინასწარი შეთანხმება შედგა”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სამომავლოდ, ეს იქნება ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია.
„ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო ზეწოლა და თავდასხმებია მართლმადიდებელ ეკლესიაზე. რასაკვირველია, მიზანი შემთხვევითი არ არის. ამის მიღმა არის ის, რომ მოშალონ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც ისტორიულად საქართველოს გამაერთიანებელი იყო, საზოგადოების მორალურ საყრდენს წარმოადგენდა და ყველაზე რთულ დროს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ ამიტომ, ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა, შეტევა ეკლესიაზე, რომ არაფერი ვთქვათ სახელისუფლო ინსტიტუტებზე. რასაკვირველია, ეს, თავისთავად, შემაშფოთებელია, მაგრამ ხელისუფლება როცა ხარ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეშფოთება არ არის ჩვენი მოვალეობა.
ამიტომ ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს დაცვის კიდევ უფრო მყარი გარანტიები, უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. უკვე წინასწარი შეთანხმება შედგა. მოხარული ვართ, რომ პოზიტიური დისკუსია წარიმართა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. სამომავლოდ, ეს იქნება ჩვენი ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია. იმედი გვაქვს, შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.