არჩილ თალაკვაძე: მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებისთვის თურმე ბევრი იყო დაფარული
„ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი პირობაა, საზოგადოებას ფინანსების თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს, მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ თურმე საზოგადოებისთვის ბევრი იყო დაფარული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თუ არა იმ ორგანიზაციების დაფინანსებაზე ინფორმაცია, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში საჯარო პოლიტიკისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე.
„ვინც ამოფარებული იყო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სინამდვილეში აღმოჩდნენ ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონირები, პარტიებად გადაკეთდნენ კიდეც. ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, ვინც კანონს უპირისპირდებოდნენ, თავად დარეგისტრირდნენ. ისინი მოწოდებით გამოვიდნენ, სხვებმაც გაიარონ რეგისტრაცია, მაგრამ „თავისუფლების დამცველები“, „დემოკრატიის შუქურის“ დამცველები ამ ორგანიზაციას დაესივნენ და მასზე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს განიხილავს.