საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

2024 წლის 23 სექტემბრიდან სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება.

პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღებიან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება სულ 57 კვირა დღის განმავლობაში აკადემიის ტერიტორიაზე 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.  პრაქტიკული ნაწილი წარიმართება შაბათ-კვირას, სულ 8 შაბათი და 14 კვირა დღე.  პრაქტიკული კომპონენტი, ასევე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში. პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება – 2026 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით.

პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.

სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: jotc@eta.edu.ge;

მობ: 577 39 01 94; 599 90 15 61;

მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ;

სამუშაო საათები: ორშაბათი – ხუთშაბათი 09:00 -17:00 სთ;

პარასკევი 09:00-15:00 სთ.

ასევე იხილეთ