„საქსტატი“: 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0% შეადგინა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.0% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9%-ით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9%), თევზეული (0.8%), რძე, ყველი და კვერცხი (0.1%). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7%), ისე ტანსაცმლის (-1.3%) ქვეჯგუფებზე; კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.5%); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5%, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2%); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2%); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.