გივი მიქანაძე: ზაფხულის პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

????????????????????????????????????

„მსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვაზე. ზაფხულის პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი გამოვლინდა“, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხს.

„მათ შორის აღსანიშნავია NDI-ის მიერ  რეგიონებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების  შეხვედრების დაფინანსება და ორგანიზება. ამის დასტურია ივნისსა და ივლისში ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში ოპოზიციის ქალ პარლამენტართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც მათ  წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-სთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიც“. მორიგი ასეთი შეხვედრები NDI-ის მხარდაჭერით წნორში გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გამართეს შეხვედრა მოსახლეობასთან და საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობა შეინიშნება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, რის ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო  ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. „ფესტივალის“ ღონისძიებები ივლისსა და აგვისტოში წალენჯიხაში, თელავსა და ქუთაისში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს.

„ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალზე“ არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე. ეს ადამიანი დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პოზიციას.

ლევან ცუცქირიძემ ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში „ლელოს“ და „ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენას წინასაარჩევნო პროცესებზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, 21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ ორგანიზებით ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივად შეხვედრები გამართეს.

„მიუხედავად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, მისი თავმჯდომარის მხრიდან ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა.

გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის საწინააღმდეგო მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია, რის ნათელი მაგალითია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, იგივე „სოროსის ფონდის“ მიერ სოციალურ ქსელში (Facebook გვერდზე) ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ როგორ იყენებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

წინასაარჩევნო პერიოდზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი აღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება სუბიექტურია და ორიენტირებულია მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ