მაკა ბოჭორიშვილი: ქართველი ხალხი არ ცდება არჩევანში

„26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობას ვერავინ უარყოფს. ხშირად გვსმენია რჩევები, ჩავლილ ამბებზე ნუ საუბრობთ, მომავალზე იფიქრეთო, მაგრამ იმისთვის, რომ მომავალში სწორი ნაბიჯით შევაბიჯოთ, არც ერთი ამბის დავიწყება არ შეიძლება, რაც ამ ურთულესი 4 წელის განმავლობაში გამოვიარეთ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების თავდაუზოგავი კრიტიკა, უსაფუძვლოდ ან შელამაზებული საფუძვლებით, პარტნიორულ ურთიერთობებში კრიზისების შექმნა და შემდგომ ისევ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოთხოვნა, გადადგას ნაბიჯები სხვისი გაფუჭებულის გამოსასწორებლად, თითქოს უკვე ჩვევად იქცა.

„წარსულის დავიწყება დღეს არის შეცდომა. პირიქით, ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ ყველა ის მოვლენა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და კარგად ვიცოდეთ, რა იყო:

„ISFED-ის შეცდომა“, რომელმაც ქვეყანაში 2020 წელს ე წ. პოლიტიკურ კრიზისს დაუდო საფუძველი; ე.წ. მთავარი, „ძირძველი“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ახლა რომ „ახალი“ ჰქვია პოლიტიკაში, საპატიმროდან გამოხსნის თავგადასავალი; ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გახდა საჭირო;  შარლ მიშელის ე.წ. შეთანხმება,  რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოქმედი მხარე აკლდა, მაინც შეთანხმება ეწოდა და მისი გარდაუვალი, სამართლიანი გაუქმება, რომელიც ისევ „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს; მიხეილ სააკაშვილის „რძისფერი დაბრუნება“, და „თავისუფლება მიშას“ სერიალი სრული დრამატიზმით; რუსეთის ომი უკრაინაში, რომლის დაწყებისთანავე საქართველო გახდა კრიტიკის სამიზნე. ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე დაუცველი და დღესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აღმოჩენილიყო, მის ხელისუფლებას ფაქტობრივად მარტო უწევს მოქმედება იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიცვას მთავარი – მშვიდობა; ევროკავშირთან ურთიერთობების გამოყენების მცდელობები დესტრუქციული მიზნებისთვის; პარტნიორებს შორის ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყნის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება ბუნდოვანი ახსნებით და მოთხოვნებით; საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო კანონის სტიგმატიზება, კარგად მომზადებული, ძვირად ღირებული კამპანია „არა რუსულ კანონს“ და პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლი, რომელსაც, თურმე, როგორც პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ორგანიზაციამ „სირცხვილიამ“ აღიარა, საფუძველიც არ ჰქონია.

ეს მხოლოდ მთავარი მოვლენები, მათთან ერთად კიდევ ბევრი რამ ვნახეთ და მოვისმინეთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ვხედავთ მცდელობას საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ევროკავშირთან ურთიერთობების „გაყინვა“ და ამით გამოიწვიონ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროკავშირთან ურთიერთობების თემა უნდათ, რომ  არჩევნების დროს მთავარი იარაღი იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დღეს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის მთავარი წინაპირობა მშვიდობა, სტაბილური ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებაა და ამ ყველაფერზე დღეს საქართველოში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს. ხელისუფლება, რომლის ანგარიშზეც არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორობა, წარმატებული რეფორმები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ესეც ცალსახა მოცემულობაა.

არჩევნებიც, ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. აქაც მარტივია ამოცნობა ვინ იზრუნებს წესების დაცვაზე და ვის ინტერესშია არჩევნების დისკრედიტაცია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვებისგან განსხვავებით არასდროს უღალატია საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. არასდროს დაზარებია ბრძოლა და ისეთივე წარმატებით გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შენებას, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში გავაკეთეთ. მარტივი საფუძვლით, ქართველი ხალხი არ ცდება არჩევანში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ