ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს დავასრულოთ ის ბოროტება, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„სხდომათა დარბაზში ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ახსენა, რომ ქვეყანაში გამოწვევებია და დიახ, დავეთანხმები მას და ვიტყვი, რომ ქვეყანაში მართლაც არაერთი გამოწვევაა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია მიმდინარეობს და დარბაზში რადიკალური ოპოზიციის ფლანგი ცარიელია და დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან.

„გამოწვევებზე როდესაც ვსაუბრობთ, დავიწყოთ იმით, თუ რა გააკეთეს და რაში გამოიყენეს ის მანდატი, რაც ქართველმა ხალხმა, მათმა ამომრჩევლებმა 2020 წლის არჩევნებზე მისცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი, ვინც მხარი დაუჭირა მათ,  კვლავ იმავე შეცდომას აღარ დაუშვებს. და რა გააკეთეს მათ? – 6 თვის განმავლობაში ქვეყანას ობსტრუქციას უწყობდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს საკუთარი ქვეყნის ძაგება, კარდაკარ და დერეფან-დერეფან იარეს, რომ საკუთარი ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინათ, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მას შემდეგ კი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი სრულიად დამსახურებულად, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღო ქართველ ხალხთან ერთად, მათ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჭირისუფლის სახეები ჰქონდათ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით,  რადიკალური ოპოზიცია იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის სხდომებს ესწრებოდეს და რამეს მაინც აკეთებდეს, დღესაც დადის და ქართველ ხალხს ატყუებს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არჩევნებზე.

„რას აკეთებენ? რისთვის ითხოვენ ნდობის გამოცხადებას? იმისთვის, რომ რაც დარჩათ როგორმე ამ ქვეყანას ბოლომდე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ვალია ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს დავასრულოთ ის ბოროტება, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ