არჩილ გორდულაძე: ცალსახაა, რომ ის კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, საფრანგეთში, კანადაში, ისრაელში და კიდევ არაერთ ქვეყანაში, ვერანაირად ვერ იქნება საქართველოში უარყოფითი!

„საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებამ სამი დღის განმავლობაში აბსოლუტური კონტრასტი იხილა. ერთი მხრივ, მოსარჩელეები – საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ონლაინ მედია, არამხოლოდ უსუსური არგუმენტებით, არამედ უმეტეს შემთხვევაში არგუმენტების გარეშე იყვნენ წარმოდგენილები, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტი ღირსეულად და დამაჯერებლად, სამართლებრივი არგუმენტებით იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს კანონს, ქართულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონს 2 ლეგიტიმური მიზანი აქვს, გამჭვირვალობა როგორც თავისთავადი მიზანი და გამჭვირვალობის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა.

„იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, აქვთ უდიდესი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, მონაწილეობას იღებენ არაერთი გადაწყვეტილების მიღებაში, საკუთარ თავს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას და უცხოელი ოფიციალური თანამდებობის პირებიც საქართველოში ვიზიტისას მათ ხვდებიან როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და მათ მიერვე მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს  არ აინტერესებთ ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება და ელემენტარულად ეწინააღმდეგებიან თანამედროვე დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპს – ფინანსების გამჭვირვალობას.

„ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ საუბრობს მისი სახელით, სხვათა შორის, ყოველგვარი სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე, ვინ აფინანსებს მათ საქმიანობას და რაში იხარჯება უცხოური ძალის მიერ საქართველოში შემოტანილი თანხები. სალომე ზურაბიშვილის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში შეთანხმებულად ცდილობდნენ სასამართლო პროცესზე პოლიტიკური შოუ მოეწყოთ, ცრუ პათეტიკითა და ფაქტების დამახინჯებით ცდილობდნენ სასამართლო და საზოგადოება მოეტყუებინათ და ამით დაეცვათ საკუთარი ფინანსები გამჟღავნებისგან. საოცარია, ასე თავგამოდებით იცავდე გაუმჭვირვალობას, არაფრად აგდებდე ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას! მათ ისიც კი იკადრეს, რომ სასამართლოს წინაშე მოიყვანეს ე.წ ექსპერტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდა ერთ-ერთი აქტივისტი, მიკერძოებული და სასამართლოს წინაშე ტყუილის თქმაშიც კი იქნა მხილებული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, როდესაც მოსარჩელეებს აღარაფერი ჰქონდათ სათქმელი, ისინი პარლამენტის წარმომადგენლების შეურაცხყოფასაც და ბულინგსაც კი არ ერიდებოდნენ.

„მათ კიდევ ერთხელ კოლექტიურად გამოავლინეს თავი, კიდევ ერთხელ დაინახა საზოგადოებამ თუ ვინ საუბრობს მისი სახელით – ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღებაც კი არ უნდათ, მალავენ თავიანთ თანხებს, თავიანთ საქმიანობას და ყველაფერზე არიან წამსვლელები ოღონდაც ქართველმა ხალხმა არ დაინახოს მათი ნამოქმედარი. ცალსახაა, რომ ის კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, საფრანგეთში, კანადაში, ისრაელში და კიდევ არაერთ ქვეყანაში, ვერანაირად ვერ იქნება საქართველოში უარყოფითი! პირიქით, ქართული გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და სუვერენიტეტის დაცვას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე იხილეთ