გიორგი ჩაკვეტაძე: მსურს, სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბრის საღამო მისთვის და მისი პატრონებისთვის ნამდვილად იქნება „კოშმარი“
„აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო და მჯერა, ამ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა კოშმარი დაგვიძახა. მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტობიდან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე დაეცა, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბრის საღამო მისთვის და მისი პატრონებისთვის ნამდვილად იქნება „კოშმარი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბრძოლის წინა ხაზზე იქნებიან.
„ვეცდებით, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი პარტიის უკონკურენტობას. ჩვენ ვდგავართ ჩვენი საზოგადოების, სიმართლის, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების მხარეს! არ დაუშვებთ იმას, რომ დესტრუქციული ძალები ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ! მეტიც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეულ დანაყოფს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.