სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ყველა მისი ხელმძღვანელი პირი უნდა გასამართლდეს!

„ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე ორი წელია  ძალიან დასაბუთებულად ვითხოვთ, რომ სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამ საქართველოში არ იქნება მშვიდობა“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“  არის დამნაშავე პარტია და თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს, კვლავ აქვს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი და ისევ იძალადებს ხალხის ცნობიერებაზე, შესაბამისად, ასეთ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დამყარდება.

„შეუძლებელია, ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია (აკრძალულიც და მოქმედიც), რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს. ეს ორი ერთმანეთის შემავსებელი, მაგრამ განსხვავებული ცნებაა. სისტემური ნიშნავს, რომ დანაშაული ქცეული იყო სისტემად, იყო ცხოვრების წესი იმ პარტიის და იმ ხელისუფლების, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ამას სჩადიოდა სისტემატურად.

საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2023 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა, დეტალურად არის ჩამოთვლილი ის დანაშაულები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა. ეს არის პარტია, რომელმაც ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს არათუ აეცილებინა საქართველოსთვის ომი, არამედ, ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეულიყო. ხოლო, როდესაც ომი დამთავრდა, ტერიტორიები დავკარგეთ და 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე წლის შემდეგ, 2011 წლის 15 თებერვალს, მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა „ინდიფენდენტს“, სადაც აღნიშნა, რომ –  „ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული განცხადება დანაშაულებრივი პარტიის დამნაშავე პრეზიდენტის განცხადებაა და სააკაშვილმა ეს თქვა არა ცხელ გულზე, არამედ ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

„ანუ, საქართველოს შუაგული – შიდა ქართლი, სადაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები იკვეთებოდა თურმე ქვების გროვა ყოფილა. 150 სოფელი, რომელიც დავკარგეთ, ქვების გროვა ყოფილა, რომელსაც ფასი არ ჰქონია; კოდორის ხეობა, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში იყო პლაცდარმი და რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია იყო, ქვების გროვა ყოფილა. მარტო ქვების გროვა კი არ უწოდა ტერიტორიებს, არამედ მოსახლეობაც მიატოვეს იქ.

ეს არის დანაშაული, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ყველა მისი ხელმძღვანელი პირი უნდა გასამართლდეს!“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ