მამუკა მდინარაძე: ვაპირებთ, მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ასევე, წარმატებით უნდა დავიცვათ ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები

ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას: წინ გვაქვს არჩევნები, ჩვენ გეუბნებით რას ვაპირებთ, რის შეტანას ვაპირებთ კონსტიტუციაში, მათ შორის, განსაკუთრებით ვაპირებთ, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის როლი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და თუ თქვენი ლეგიტიმაცია გვექნება და მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩავწერთ კონსტიტუციაში, რომ როგორც ისტორიაში, ასევე თანამედროვეობაში რაც მათი მხრიდან მსჯელობის დროს წარმოშობილი იდეა იყო და ბუნებრივია, დავეთანხმეთ – თანამედროვეობაში არის უდიდესი ეკლესიის როლი და ამავე დროს, ჩავწერთ, რომ ქართული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი, მთავარი საფუძველი ერთ-ერთი სახელმწიფოებრიობის, არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ სხვა ტრადიციულ რელიგიებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ასევე წარმატებით უნდა შეძლოს მათი დაცვა. მდინარაძის განმარტებით, ათასობით და ათიათასობით სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევრის ინტერესებიც ემთხვევა მმართველი გუნდის ინიციატივას, ვინაიდან, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ.

“ეს ლეგიტიმაცია გვინდა საზოგადოებისგან. ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული – ისე ამბობენ [ოპონენტები], თითქოს, ჩვენ ვმალავდეთ. დიახ, არჩევნებთან არის დაკავშირებული, იმიტომ, რომ ხალხს ვეუბნებით: მოგვეცით ლეგიტიმაცია მაღალი, რომ ეს გავაკეთოთ. რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ კანონი კი არ მივიღოთ, რის განხილვაში შემოსვლას ვერ ბედავენ, არამედ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ. მოგვეცით ლეგიტიმაცია მაღალი,რომ “ნაცების” მკვლელი რეჟიმი და საქართველოს ტერიტორიების რუსეთზე, ოკუპანტ ქვეყანაზე ჩამბარებელი რეჟიმი გასამართლდეს ამისათვის და ის აღარ იყოს მონოპოლისტი ოპოზიციონერობის. ამის ლეგიტიმაციას ვითხოვთ და რა თქმა უნდა არჩევნებთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ უდიდესი მნიშვნელობის არის, ჩვენ ასევე წარმატებით დავიცვათ საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობები დიდი პატივისცემით, იმიტომ, რომ ჩვენ ათასობით და ათიათასობით მოქალაქე გვყავს, რომელიც არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ისინი ტრადიციული რელიგიური იდენტობის მიმდევრები არიან, საკუთარი ძალიან მყარი რწმენა აქვთ და საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ტრადიციებს სცემენ უდიდეს პატივს. ჩემი და ჩვენი დიდი პატივისცემა მათ – მათ ინტერესებსაც ერთი-ერთში ემთხვევა ეს დამოკიდებულება საკუთარი რელიგიის მიმართ, იმიტომ, რომ მათ მიერ გამოხატული ყველა პოზიცია ემთხვევა ჩვენს ტრადიციულ პოზიციებსაც”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ