ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპულმა საზოგადოებამ დაინახა, ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, სად შეიყვანეს საზოგადოება, სანამ ჩვენ ამ ჩიხში მოვექცევით, ჯობია პრევენციული ზომები წინასწარ მივიღოთ
მმართველი გუნდის შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს, რათა ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლას თავი აარიდონ. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მათი ნაბიჯები ქვეყნის გარეთაა შეთანხმებული.
საკანონმდებლო პაკეტის მიმართ ევროკავშირის წარმომადგენლობის კრიტიკის საპასუხოდ კი მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თვალსაჩინოა, საით მიდის ახალგაზრდა თაობა და სწორედ, ამიტომაა აღნიშნული კანონპროექტის მიღება მათთვის მნიშვნელოვანი.
„დღეს ევროპულმა საზოგადოებამ დაინახა, ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, სად შეიყვანეს საზოგადოება, ოჯახი, მოზარდი, ახალგაზრდა თაობა. მაგრამ უკან გამოსასვლელი გზები მათთვის გაცილებით უფრო რთული არის. ამიტომ, სანამ ჩვენ ამ ჩიხში მოვექცევით, ჯობია პრევენციული ზომები წინასწარ მივიღოთ. თითოეული ადამიანის უფლება ასევე იქნება დაცული“, – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
კანონპროექტის კანონად ქცევამდე მხოლოდ ერთი საპარლამენტო მოსმენა დარჩა.