ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ეკოტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ისე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
აღინიშნა, რომ დღეისათვის დაცულ ტერიტორიებზე 100 საფეხმავლო ბილიკია და 5 სანაოსნო მარშრუტი. ბილიკების საერთო სიგრძე 2 213 კმ-ია, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 1 000 კმ-ზე მეტი სიგრძის კეთილმოწყობილი ბილიკი დაემატება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან გაკეთდა დეტალური პრეზენტაცია, მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ დაცულ ტერიტორიებზე არსებული მრავალფეროვანი სერვისების, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე დაცულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის სექტორული შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.