გიორგი მიქაუტაძე: ევრო 2024-ის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდოს მიღება გამიხარდა
გიორგი მიქაუტაძემ შემოდგომის სანაკრებო ციკლი ჩეხეთთან გოლით დაიწყო და საქართველოს ნაკრებს დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:1) დაეხმარა.
„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა შეხვედრაზე და ევრო 2024-ის თანაბომბარდირისთვის განკუთვნილ ჯილდოზე, რომელიც თამაშამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
„დღეს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და 4:1 მოვიგეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. გამიხარდა, თამაშამდე ევრო 2024-ის თანაბომბარდირის ჯილდო რომ მივიღე და მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და სხვა ეტაპზე გადავიდეთ“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.