ვიქტორ ორბანი: ჩემი სამშვიდობო მისია ჯერ არ დასრულებულა, მთელი ზაფხული ვმუშაობდი ამ საკითხზე, გამოჩნდება ახალი ინიციატივები, ზოგიერთი მათგანის შესახებ სექტემბერში გახდება ცნობილი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს, „თავიდან აიცილოს ესკალაცია“.
მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მოგვიანებით მედიაში გავრცელების გამო თავად გამოაქვეყნა.
„მე დავწერე, რომ თუ ივლისის დასაწყისში გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამდით, შეგვეძლო, თავიდან აგვეცილებინა ამ კონფლიქტის ესკალაცია მომდევნო ორ-სამ თვეში. ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას დღევანდელს თუ შევადარებთ, ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მაშინ იყო“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.
„მთელი ზაფხული ვმუშაობდი ამ საკითხზე, ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გამოჩნდება ახალი ინიციატივები, ზოგიერთი მათგანის შესახებ სექტემბერში უკვე გახდება ცნობილი. ამაზე მუშაობა აუცილებელია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
როგორც ცნობილია, „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში უნგრეთის პრემიერი მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.