ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ხალხმა იცის, რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან

„დღეს ხალხმა იცის, რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან და ხალხმა იცის, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, ქვეყანაში ომი არ მოხდება! და ხალხმა, თქვენ იცით, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მათი მმართველობის დროს, ქვეყანაში მოხდა ომი, იყო მუდმივი ქაოსი, არეულობა, ჩაგვრა, უსამართლობა“,– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში გამართულ ღონისძიებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეახსენა. ასევე მან იმ ალტერნატიულ ოპოზიციურ პარტიებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან.

მისივე თქმით, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოკავშირეები, თანამედროვე ფაშისტები, ხალხის მჩაგვრელები და ქვეყნის ინტერესების გამყიდველები არიან.

„ყველას გახსოვთ, ხალხო, რომ რუსეთის ჯარმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დატოვა 2007 წელს, მაგრამ რამდენიმე თვეში  გამყიდველმა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ, მოღალატე ხელისუფლებამ დააბრუნა რუსეთის ჯარი საქართველოში, მათ შეგნებულად არ ააცილეს ომი ხალხს, ჩააბარეს ტერიტორიები, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ომის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს, თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხალხს კი კიდევ უფრო უარესად დაუწყეს ჩაგვრა. და დღეს, ეს უბედურება, ძვირფასო მეგობრებო, ეს ბოროტი ძალა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. იცით, რომ შექმნილი აქვთ სატელიტი პარტიები და ახალი კოალიციები, რითაც ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან, ამ დროს შეხედეთ მათ, შეხედეთ მათ სახეებს, ერთმანეთში არიან აღრეულები, ძველი და ახალი წევრები, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოკავშირეები არიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისინი არიან მათი მსახურები. ესენი არიან თანამედროვე ფაშისტები, ხალხის მჩაგვრელები და ქვეყნის ინტერესების გამყიდველები და წარმოიდგინეთ, ეს ხალხი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2 წლის წინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გარანტირებულად აქ იქნებოდა მეორე პოლიგონი და დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა! ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ბომბების ცვენას თბილისის თავზე, ეს ხალხი მტრობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არ ადარდებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი, მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები და კეთილდღეობა ადარდებთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესენი წამში გაყიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. შეხედეთ სააკაშვილის ამ კრიმინალური ბანდის წევრებს, გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს, მათ ენჯეოებს, ამ აგენტურას, კითხვა მინდა დავსვა – ვინ დაიცავს  ჩვენს ქვეყანას ომისგან და ვინ დაიცავს ხალხს? გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, თუ ეს ლუზერი მელია, თუ მოღალატე გახარია, რომელმაც, პირველ რიგში, ქვეყანას უღალატა და კრიზისულ სიტუაციაში მიატოვა და გაიქცა, გაწირა ჩვენი ქვეყანა და გუნდი, თუ ეს სექტანტი გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გახსოვთ თქვენ კარგად, საოკუპაციო ხაზთან სამარცხვინოდ პოზიორობდა, თუ ეს ცნობილი თაღლითი ხაზარაძე, რომელმაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, ჩვენს ხალხს ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით, მე გავიმეორებ, მოროდიორობდა სააკაშვილის დროს და რეპრესირებულ-დარეკეტებულ ბიზნესს ძარცვავდა და იფორმებდა. აქვე მინდა, შეგახსენოთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ სწორედ ეს კაცი იყო ხაზარაძე, რომელმაც ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ჩვენი მთავრობა რამდენიმე წელი, 4 თუ 5 წელი ელოდა, რომ მას მოეზიდა ინვესტიციები, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ თვითონ წავიდა და უჩივლა საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოში და ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, და დღეს, ეს კაცი, მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ სამართლიანად წააგო სასამართლოში, დადის და ისევ ატყუებს ხალხს. მეგობრებო, მე აღარ გავაგრძელებ ამ სიის ჩამოთვლას, კიდევ ერთს დავამატებდი, რომ კიდევ ერთი თვალსაჩინო, აი, ამ, პირდაპირ ვიტყოდი, მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატათ თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ასევე იხილეთ