„სამი გონიერი ახალგაზრდა კვალიფიციური იურისტი უპირისპირდებოდა რამდენიმე ოდიოზურ პოლიტიკოსს და „ენჯეოშნიკს“ და აბსოლუტურად თავდაყირა დაუყენეს მთელი სარჩელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გამჭვირვალობის კანონზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელი უპერსპექტივო იყო სამართლებრივი თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ გამოვიდა აღიარებით, რომ კანონი სტიგმატიზაციას არ იწვევს.
„ერთი არგუმენტი არ ჰქონდათ, იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ოდიოზური პოლიტიკოსებისა და „ენჯეოშნიკების“ მხრიდან. მეორე მხრიდან იყო სამართლებრივი მსჯელობა კომპეტენტური, კვალიფიციური ადამიანების მხრიდან, პარლამენტის სამი ახალგაზრდა კვალიფიციური იურისტის მხრიდან. ეს იყო რეალურად საერთო სურათი. იქიდან იყო პოლიტიკური განცხადებები, აქედან იყო სამართლებრივი არგუმენტაცია, ეს იყო საერთო სურათი საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის დროს. რაც შეეხება პერსპექტივებს, ისედაც უპერსპექტივო იყო ეს სარჩელი სამართლებრივი თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ გამოვიდა აღიარებითი ჩვენებით და აღიარა, რომ არც სტიგმატიზაციას იწვევს ეს კანონი, არც რაიმე შეზღუდვებს აწესებს. მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, ეს სარჩელი გახდა კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო. გამოვიდა აქციების მთავარი ორგანიზატორი „სირცხვილია“, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სირცხვილია და აღიარა, რომ არც სტიგმატიზაციას არ იწვევს ეს კანონი და არც არავითარ შეზღუდვებს აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ეს სარჩელი გახდა კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო. თავად „სირცხვილიამ“ აღიარა, რომ კანონში პრობლემური არაფერია. სამართლებრივად სრულიად უპერსპექტივოა ის სარჩელი. ამას დაემატა ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენდნენ ისედაც უპერსპექტივო სარჩელს, გვარები ხომ იცით, ვინ იყო ბურჯანაძე, ბესელია და ა.შ. – ეს ოდიოზური „ენჯეოშნიკები“ და პოლიტიკოსები, შესაბამისად, რა სამართლებრივი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ სარჩელს, ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.