ვილი სანიოლი: შევეცდებით, ალბანეთთანაც ისევე ვითამაშოთ, როგორც ჩეხეთთან
ერთა ლიგის B დივიზიონში ალბანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტირანას „ეარ ალბანიაარენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ალბანეთის ნაკრებმა, ისევე, როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.
ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ.
მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა – უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.
საქართველოს ნაკრებში პენალტებს კარგად ბევრი ფეხბურთელი ასრულებს – კვარაცხელია, მიქაუტაძე, გველესიანი. ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება გვაქვს. მნიშვნელოვანია, კონკრეტულ შეხვედრაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ვინ აიღებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.