მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტების გამოყოფის შესახებ დამატებითი მოტივაცია და შესაძლებლობაა იმ „ენჯეოებისთვის“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას ცდილობენ. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
„ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლობიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტიანად განახორციელებენ და ამისთვის ნამდვილად გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, თავის საზოგადოებას, ეს ამის დამატებით საშუალებას მისცემს“, – მიიჩნევს თალაკვაძე.
პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.