ხვიჩა კვარაცხელია: ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან გაიბრძოლოს და გაიმარჯვოს
“პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მომავალ თამაშებზეც ისაუბრა.
„პირველ ტაიმში მართლა არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩეხეთთან უფრო ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ნაკრებისთვის მთავარი შედეგია და ეს გამარჯვება ჩვენ წინ წაგვწევს. უკვე ფავორიტები ვართ ჯგუფში და უნდა გავაგრძელოთ შრომა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. წინ კიდევ ბევრი თამაშია, ყველაფერი შესაძლებელია.
ჩეხეთთან და ალბანეთთან უკვე ვანახეთ, რომ ყველასთან თამაში და ყველასთან მოგება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უკრაინა ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან გაიბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია, უნდა გავაგრძელოთ ისევ ისე, როგორც დავიწყეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.