„აქ არის მთავარი, რომ დღეს საქართველოს მართავს დამოუკიდებელი, ძლიერი, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მმართველი ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც, პირველ რიგში, აყენებს საქართველოს ინტერესებს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ ეწინააღმდეგება იმ ძალების სურვილებს, რომელსაც წინააღმდეგობა უკვე გაუწია.
„მათ არ სურთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართოს ქვეყანა, იმიტომ, რომ ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ დავალებებს ჩვენ არ ვასრულებთ, არ შევუერთდით სანქციებს. მოკლედ, ეს პროცესი გრძელდება, არ დამთავრებულა. ვხედავთ, რომ გლობალურ მასშტაბში ომი გრძელდება, ზეწოლები ისევ არის, ვიცით, რა რეალობაა, რა სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, ეს აგენტურა, მეხუთე კოლონა, ყველაფერს ასრულებს იმისთვის, რომ მათი დაკვეთა შეასრულოს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, მათი მხრიდან ორი თვით ადრე უკვე დაიწყო გაყალბებაზე, არჩევნების არაღიარებაზე საუბარი.
„ასე მოწმენდილ ცაზე, როდესაც არაფერი ხდება. პირიქით, ასეთი განვითარებული, ასეთი წარმატებული ქვეყანა, დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო არასდროს ყოფილა. ეს ყველა სფეროს ეხება, თვალში საცემია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.