საზოგადოება ,,ქართული” არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო პროგრამების დაფუძნება არის დროული და მისასალმებელი ინიციატივა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების თაობაზე, ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპზე მიუთითებს.
დრო, როდესაც ეს სფერო გარე ძალების მიერ იყო მონოპოლიზებული, წარსულს ბარდება და მთავრობა თვითონ იწყებს ერის ინტელექტუალური ნაწილის სახელმწიფო მართვაში ჩართულობისა და ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხების მოგვარებაში მათი მონაწილეობისთვის ხელშეწყობას.
ამ თვალსაზრისით, პრემიერის ინიციატივა არა მხოლოდ მისასალმებელია, არამედ- დროული.
პრემიერის განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამა სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამთავრობო გრანტებს ის ორგანიზაციებიც მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ. ასეთი კი, მიუხედავად გარედან და შიგნიდან მასშტაბური ზეწოლისა, არასამთავრობოების მნიშვნელოვანი ნაწილი- 450-ზე მეტი აღმოჩნდა.
არასამთავრობო სექტორი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე კონტროლის ეფექტური და აუცილებელი დემოკრატიული პლატფორმაა დასავლეთში. სამწუხაროდ, საქართველოში იგი იმთავითვე გარედან მართულ ჩაკეტილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა მკაცრი იერარქიითა და უცხოელ დონორებზე დამოკიდებულებით. ღრმა ფინანსური კრიზისისა და სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში, ეს ბუნებრივი იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთ ფინანსურ წყაროებად უცხოური ფონდები მოგვევლინენ. მათ, პირველ ეტაპზე, პოზიტიური როლი შეასრულეს საბჭოთა საზოგადოების ევროპულად ტრანსფორმირებაში, მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. უფრო მნიშვნელოვანი ამ ორგანიზაციების მისია და მათი საქმიანობის შინაარსი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე დონორების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.
არავისთვისაა დასამალი, რომ უცხოური ფონდები, რომლებიც საქართველოს არასამთავრობოების დონორები არიან, ძირითადად უცხოური ქვეყნების ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან და კონტროლდებიან იმ მმართველი ძალებისა და ხელისუფლებებისგან, რომელთაც კავკასიასა და საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესები ჰქონდათ და აქვთ. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები ბუნებრივად იქცნენ უცხოური ქვეყნის ხელისუფლებების პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესების გატარების იარაღად და მსოფლიოს ნეო ლიბერალური ძალების ნების აღმსრულებლებად.
ამ თვალსაზრისით, ყველაფერს თუ თავის სახელს დავარქმევთ, ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები რეალურად არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.
აღნიშნულზე საოცარი ლუსტრაცია გააკეთა ამ დღეებში ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც პრემიერის ინიციატივის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქართული მთავრობის მიერ გაცემული გრანტით არასამთავრობო ორგანიზაცია დაკარგავს დამოუკიდებლობას და გახდება სამთავრობო. ამ ლოგიკით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არის თუ არა იმ ქვეყნის სამთავრობო ორგანიზაცია, რომლისგანაც ფინანსდება?! ერთი სიტყვით, კომენტარი ზედმეტია.
ხაზგასასმელია ერთი ნიუანსიც, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება საქართველოში რეალურად წინა ხელისუფლების კონტროლითა და ხელშეწყობით წარიმართა. უფრო მეტიც, გარედან კარნახით, იდეოლოგიურ ბრძოლაში მათ ქართული საზოგადოების საპირწონედ, არასამთავრობოებს დაარქვეს „სამოქალაქო საზოგადოება“ და შერაცხეს ისინი ყველაზე პროგრესულ ნაწილად, რომელზეც მოსახლეობის დანარჩენ მასას სწორება უნდა გაეკეთებინა.
ეს პროცესი მიმდინარეობდა ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაზე ორკესტრირებული იდეოლოგიური იერიშის ფონზე. ნეო ლიბერალურ პროკრუსტეს სარეცელზე ყველაფერი ქართული და ტრადიციული გოიმობად, სირცხვილად, ჩამორჩენილობად და ლამის მტრულად გამოცხადდა, არენიდან გააქრეს ავტორიტეტები, მოსახლეობა დაყვეს ასაკობრივ კატეგორიებად და ქართული საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილს „ჩარეცხილები“ უწოდეს.
2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგაც გაგრძელდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მონოპოლია არასამთავრობოებზე, რადგან სწორედ მათი გუნდი უწევდა კოორდინაციას უცხოური გრანტების გადანაწილებას. მეტიც, მათ დააფუძნეს „ენჯეოები“ და შემდეგ დაიწყეს მათი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება.
ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ეს „ სამოქალაქო საზოგადოება“ აქტიურად აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში როგორც მხარე და არა როგორც შუამავალი ან დამოუკიდებელი ძალა. მაგალითისთვის, მხოლოდ 2022 წლიდან დღემდე არასამთავრობოები უშუალოდ აწარმოებდნენ და ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკურ აქციებს რათა გახსნილიყო მეორე ფრონტი, 2022 წელს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა შეეცვალათ ნინო ლომჯარიას-ეკა გიგაურის ტექნიკური მთავრობით; 2023 წელს მარტში და 2024 წლის აპრილ-მაისში აქციებით ჩაეგდოთ „გამჭვირვალობის კანონი“. დღეს უკვე 26 ოქტომბრისთვის მიდის ანალოგიური სამზადისი.
ეროვნული ერთიანობისთვის არანაკლებ დამაზიანებელი არის არასამთავრობოების ნაწილის ნეო ლიბერალური მიზნები და ბრძოლა ქართული იდენტობის განმსაზღვრელ ინსტიტუტებთან, ღირებულებებთან და ფასეულობებთან, მათ ნაცვლად საზოგადოებისთვის სიძულვილის, დაშინების და ფსიქოლოგიური ტერორის ატმოსფეროსა და გენდერული იდეოლოგიის თავსმოხვევის ცდები.
არადა, დონორი ორგანიზაციები კანონით მკაცრად კრძალავენ პოლიტიკურ პროცესებში მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების მონაწილეობას, თუმცა, აღმოჩნდა, მხოლოდ- ქაღალდზე, რადგან ამ წლებში ვიხილეთ დონორო ორგანიზაციებისა და მათი ხელისუფლებების უხეში ჩარევები ქვეყნის შიდა საქმეებში და არაერთი არამეგობრული ნაბიჯი, რაც სამწუხაროა. არასამთავრობოების პოლიტიკაში მონაწილეობას კრძალავს „პოლიტიკური პარტიების“ შესახებ ქართული კანონიც.
პრემიერის ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე საგრანტო პროგრამაა. ჩვენთვის იგი სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია და იმის დასტური, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა მიამიტი და გულუბრყვილო პოლიტიკური აღქმების დრო, როცა ყველა უცხოელის საქმიანობაში მხოლოდ ჰუმანისტურ ზრახვებს ვხედავდით. ეს არც საწყენია და არც გასაბრაზები, ყველა ქვეყანას, მოკავშირე იქნება იგი, მეზობელი თუ გაერთიანება, თავისი ინტერესები აქვს. მთავარია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა დაიწყო რეალური პოლიტიკის კეთება და უპირველესად, ქვეყნის ინტერესების წინ დაყენება.
ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის ინიციატივა აჩენს შანსს, რომ საქართველოში რეალურად ჩამოყალიბდეს ძლიერი ქართული არასამთავრობო სექტორი, რომელიც იმუშავებს არა სხვისი ქვეყნების ინტერესებზე და ხელისუფლების რყევაზე, არამედ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კულტურაზე, დემოგრაფიაზე, ენერგეტიკაზე, საქართველოსთვის რეალურად მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასა და მოგვარებაზე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებასა და კონტროლზე.
რა თქმა უნდა, ისმის კითხვა – იქნება თუ არა დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო სექტორი მთავრობისგან და როგორ დავიცვათ თავი ვიწროპარტიული ინტერესებისგან?
ჩვენი აზრით, გამოსავალი არის – გრანტების გაცემის ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს იმ ინსტიტუტებისა და საზოგადოების წარმომადგნელებით, რომელთა საქმიანობა და ბიოგრაფია საზოგადოების ნდობით სარგებლობს. ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და გასაგები უნდა გახდეს. და რაც მთავარია, საზოგადოება თავად დიდი დოზით უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.
მხოლოდ ასე იქცევა ეს ინიციატივა მყარ სახელმწიფო პროგრამად, რომელიც მომავალში ქვეყანას ბევრ სიკეთეს მიუტანს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.