ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე დღეს უკანონო პატიმრობაში მყოფი 10 პირის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 8 ფაქტის შესახებ იმსჯელებენ
“მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზე ისევე, როგორც წინა შეხვედრაზე, გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკუთარ ოჯახში დროულ დაბრუნებაზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში 10 პირი იმყოფება”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრის დაწყებამდე.
„ვიმსჯელებთ წინა შეხვედრიდან დღემდე განხორციელებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებზე. დაფიქსირდა ბორდერიზაციის 8 შემთხვევა. ბორდერიზაციის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რა დროსაც გავლებული იყო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღიმართა მეტალის ბოძები, რომლებზეც შემდეგ ხდება მავთულხლართის გავლება“, – განაცხადა ანთაძემ.
თვენახევრის შემდეგ შემდეგ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა იწყება. განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს. მათ შორის, უკანონო სასაზღვრო ხაზის გავლებისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს. ქართული მხარე ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა გათავისუფლებას ითხოვს.