ექსპერტებმა ისრაელიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე საკითხებზე ტრენინგები გამართეს

ექსპერტებმა ისრაელიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე საკითხებზე ტრენინგები გამართეს. სწავლებას ისრაელის მაშავის შვაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლო ცენტრის ექსპერტები  იუვალ ელაზარი და დანიელ ჰადიდი უძღვებოდნენ. ორდღიან ტრენინგს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განხილული იყო ჰიდროპონიკის, რაც ნიშნავს ნიადაგის გარეშე სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, აქტუალობა; ჰიდროპონიკური სისტემების სახეები და მახასიათებლები; მათი გამოყენების უპირატესობები და ნაკლოვანებები; ტრენინგის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჰიდროპონიკური სისტემების მოწყობისთვის და მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლებისა და მატერიალური მასალების, ასევე აღნიშნულ სისტემებში ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად საჭირო პირობების შესახებ.

ტრენინგი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და MASHAV-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში ვიზიტი განხორციელდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო MASHAV-ის მიერ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე მოწყობილ საკვლევ-სადემონსტრაციო სათბურში, სადაც ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ აქ წარმოდგენილ ჰიდროპონიკური სისტემის მუშაობის პრინციპებს და მექანიზმებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე თანამედროვე ტექნოლოგიების (ჰიდროპონიკა) სათბური  მოეწყო.

ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი რეგიონში სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას.

ასევე იხილეთ