ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი – რქაწითელზე ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, საფერავის ფასი მერყეობდა 65-დან 75 თეთრამდე

„ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2008-2011 წლის მონაცემებით, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს და მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყურძენზე ფასი, მათი რეჟიმის პირობებში იყო უფრო მაღალი. რაც შეეხება რეალურ სურათს და მონაცემებს, მათი რეჟიმის პირობებში, 2008-2011 წლის მონაცემებით, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, ანუ ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მათი რეჟიმის პირობებში ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე. სოცმედიაში არის ასევე ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში საფერავის ფასი იყო 1 ლარი და 80 თეთრი, რაც არის ტყუილი. ერთ ლარს შეადგენდა ფასი მხოლოდ 2012 წელს, იმ პირობებში, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ყურძნის სუბსიდირება. ყველა სხვა შემთხვევაში მათ რქაწითელზე მაქსიმალური ფასი მათ ჰქონდათ 65 თეთრი, ხოლო საფერავზე 75 თეთრი.  რაც შეეხება შემდგომ წლებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იყო რამდენიმე წელი, როდესაც საფერავზე ფასი შეადგენდა 1 ლარს და 80 თეთრს, ზოგ შემთხვევაში 2 ლარზე მეტსაც კი, თუმცა ეს ფასი განისაზღვრებოდა საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც მოსავალი იყო ნაკლები, ფასი იზრდებოდა, როდესაც მოსავალი იზრდებოდა, ეს განაპირობებდა ფასის შემცირებას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების თაობაზე, 1 ლარით და 50 თეთრით განისაზღვრება საფერავზე ფასი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კახელი გლეხებისთვის, რომლებიც რთველის პერიოდში არიან და მათი ინტერესია მოსავლის სრულად დაბინავება, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ