ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას გერმანიის მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ქვეყნები ნებართვას გასცემენ
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.
როგორც გერმანული გამოცემა Die Welt წერს, ამის შესახებ შოლცმა ბრანდერბურგის რეგიონში ქალაქ პრენცლაუში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს დარჩება ამგვარად. სწორედ, ამიტომ მე დავრჩები ჩემს პოზიციაზე, სხვა ქვეყნებმა სხვაგვარადაც რომ გადაწყვიტონ. მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კანცლერმა.
გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა შესაძლოა, მოხსნას იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა, შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სპეკულაცია სიმართლეს არ შეესაბამება.