დავით მათიკაშვილი: ბატონმა ბიძინამ სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რომ მიწა არაფრად ღირს, თუკი იმ ადამიანებს არ დაიბრუნებ, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს
„რადიკალური ოპოზიცია სენტიმენტებზე თამაშით და ტყუილის პროპაგანდით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს”, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
იგი გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
„მსგავსი რამ არ თქმულა. პირიქით, ბატონმა ბიძინამ დაიწყო სწორედ იმით, რომ შინდისის გმირებთან მიმართებით ახსენა ეს საკითხი და 2008 წლის ის მძიმე დრო გაიხსენა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა ომის ცეცხლში გახვეულიყო.
სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ხალხს მიიყვანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, არის მშვიდობა. მშვიდობა ვერ მიიღწევა, თუკი არ იქნება ნდობის აღდგენა და ნდობის აღდგენის წინაპირობა არის ურთიერთმიტევება, ის ბოდიში, რომელიც ამ მძიმე მოცემულობას, რა დღეშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად მთელი საქართველო ჩააგდო და გამოიწვია ტერიტორიების 20%-ის დროებითი ოკუპაცია, იქნება ნათქვამი. ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ ჩვენი მოძმე ოსი დებისა და ძმების საქართველოს გულში კვლავ დაბრუნებას გამოიწვევს. ტერიტორიის დაბრუნებაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ბატონმა ბიძინამ სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რომ მიწა არაფრად ღირს, თუკი იმ ადამიანებს არ დაიბრუნებ, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.