ირაკლი კირცხალია: ზოგადად, ამნისტია არის ჰუმანური აქტი, როგორ შეიძლება ჰუმანურ აქტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს მონაწილეობა?
ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უარი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობაზე კიდევ ერთხელ ამჟღავნებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაჰუმანურ ბუნებას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველმა პარტიამ ასეთი ჰუმანური აქტი არაერთხელ განახორციელა.
„ზოგადად, ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ეს ჰუმანური აქტი არ არის პირველი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რაც შეეხება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და ჰუმანურობას, ეს არის როგორც ზეთი და წყალი. როგორ შეიძლება ჰუმანურ აქტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს მონაწილეობა? ამას ნათლად გაესვა ხაზი. არც საკომიტეტო მოსმენებზე, არც სასესიო მოსმენებზე არ იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები და მეტსაც გეტყვით, როგორც კი დაინიცირდა კანონპროექტი, ამ ჰუმანურ აქტშიც კი დაიწყეს რაღაც დესტრუქციით, დესტაბილიზაციით და უტიფარი პოპულიზმით საუბარი, რაც რამდენიმე დღე გაუგრძელდათ“, – აცხადებს კირცხალია.
პლენარულ სხდომაზე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.