მიხეილ ყაველაშვილი: სად გაგიგიათ „ნაცი“ და ბოდიში? ბოდიშის მოხდა, შეცდომის და თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია
„მინდა მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გორში გააჟღერა და რომლებსაც მეც შეგახსენებთ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების სახით. ესენია: „ნაცების“ დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება და ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების კონსტიტუციური განმტკიცება“, -განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, თუ ჩვენ გვსურს, რომ მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთიან სახელმწიფოში ქართველთა და ოსთა და-ძმური თანაცხოვრება, აუცილებელი იქნება გავიაზროთ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ორივე მხარემ დავუშვით და ორთავემ უნდა შევძლოთ ამის აღიარებაც და ბოდიშის მოხდაც.
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილში გაჟღერდა ზუსტად ის, რომ ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის. ეს არის ჩვენი გულწრფელი გზავნილი ჩვენი ოსი თანამოქალაქეების მიმართ. ამავე დროს, ეს არის გონიერი, პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. ამ მიდგომას, იმ სამ დანარჩენ დაპირებასთან ერთად, აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი სამშობლოსათვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს მოქალაქეებს, დიდი მოწიწებით და დიდი პატივისცემით გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მან ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებზეც ისაუბრა.
„სად გაგიგიათ „ნაცი“ და ბოდიში? ბოდიშის მოხდა და შეცდომის, თუნდაც დანაშაულის აღიარება ღირსეული ადამიანების საქციელია. ამ უჯიშოებმა და უსამშობლოებმა ჩაიდინეს გირგვლიანი, რობაქიძე, ქუჩა-ქუჩა ხოცეს ბევრი უდანაშაულო ახალგაზრდა, წამებაში ამოხადეს სული და აუპატიურეს პატიმრები… სია დიდია! ერთხელ მაინც გსმენიათ ვინმეს მათი მხრიდან ამ ყველაფრის აღიარება და მით უმეტეს – ბოდიში?
კარგად გვახსოვს ისინი, საომარი მოქმედებების დროს გაქცეულნი წითელ ხიდზე, აქ დარჩენილნი კი რუსი ოკუპანტების მსახურები, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩამბარებლები და თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე მფორთხავი სამარცხვინო მთავარსარდალი. გვახსოვს თბილისში, წაგებული ომის გამარჯვებად გამოცხადება და სამარცხვინო ზეიმიც, როცა ფრონტზე უპატრონოდ ეყარა ჩვენი მიტოვებული გმირების ცხედრები და აღარავის ახსოვდა ცხინვალის რეგიონში მიტოვებული ქართველი მოსახლეობა. ქვეყნის წინაშე მათ მიერ ჩადენილი კიდევ სხვა ბევრი უგუნურების და ღალატის გახსენება შეიძლება, თუნდაც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633, სადაც უკვე ხელმოწერით უღალატეს საქართველოს.
ახლა ეს დამნაშავეები გარედან არიან მხარდაჭერილი იმ ხალხისგან, ვინც ჩამოთვლილი დანაშაულების თანამონაწილეა და მუდამ იცავდა ამ კრიმინალების ხროვას, როგორც დემოკრატიის შუქურას, ასევე, ამათთან ერთად არის მთავარი ჯაშუში, ქალბატონი პრეზიდენტი, და ესენი, თავიანთი პატრონების მხარდაჭერით, აპირებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ჩვენს სამშობლოში“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდა.
„დავფიქრდეთ, ვის მაგალითზე გვინდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები! ერეკლე მეორე, ჩვენი პატრიარქი, რობიკო სტურუა, ბიძინა ივანიშვილი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური, ხვიჩა კვარაცხელია და კიდევ ბევრი სხვა არის, ვის ავტორიტეტზეც და სიყვარულზეც შეიძლება აღვზარდოთ ისინი.
ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, საბოლოოდ უარი ვუთხრათ ამ ჩვენი საამაყო ხალხის მაგინებელ და შეურაცხმყოფელ ლიბერალ-ფაშისტურ აგენტურას! გადავდოთ ყველა საქმე, არ დავიზაროთ და ქუდზე კაცი 26 ოქტომბერს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ამ ბოროტი ძალისგან!“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.