„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის მხრიდან გუშინწინ გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ.
„ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში იყო სირთულეები ამ ურთიერთობებში. ძირითადად, წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც სჭირდება ჯანსაღი, სამართლიანი მიდგომა. თუმცა სანქციები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ – თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად, ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინწინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ, ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ქალბატონ ელჩთან შეხვედრაზეც. მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღებული იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.